Добавить в цитаты Настройки чтения

Страница 8 из 54

შორს უჩვენებდეს ავთანდილს მტირალნი გაუხარებლად,

ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი მისი მის მზისა მარებლად.

აჰა, მიჰხდა ავთანდილსა ღაწვთა ცრემლით არ-დათოვნა,

რათგან ცუდად არ წაუხდა მას ეზომი გარეთ ყოვნა.

კაცსა მიჰხვდეს საწადელი, რას ეძებდეს, უნდა პოვნა,

მაშინ მისგან აღარა ხამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა.

უთხრა, თუ: “ძმანო, ვარ ვინმე ღარიბი უადგილოსა,

მე იმა ყმისა საძებრად მოვჰშორდი საგაზრდილოსა,

აწ თქვენგან მივჰხვდი საქმესა ყოლა არ-საადვილოსა,

ღმერთიმცა ნურას ნუღარ იქმს თქვენსა დასაღრეჯილოსა!

“ვითა მე მივჰხვდი წადილსა, ჩემის გულისა ნებასა,

აგრემცა ღმერთი ნურას იქმს ძმისა თქვენისა ვნებასა!”

უჩვენა მისი სადგომი: “მიდითო ნება-ნებასა,

ჩრდილსა გარდასვით, მაშვრალნი მიეცით მოსვენებასა”.

ესე უთხრა და წავიდა, ცხენი გაქუსლა დეზითა,

ვითა გავაზი გაფრინდა, არ-გაშვებული ხეზითა,

ან მთვარე, მზისა შემყრელი, მზე სინათლითა ზეზითა.

დაივსო ცეცხლი შემწველი მისითა მან მიზეზითა.

მიეწურა, იგონებდა, ახლოს შეყრა ვითა აგოს:

“საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს!

ხამს, თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს,

არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს, მოიძაგოს.

“რათგან ისი არის სადმე უცნობოდ და ისრე რეტად,

რომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისად ჭვრეტად,

მივეწევი, შევიყრებით ერთმანერთის ცემა-ჟლეტად,

ანუ მომკლავს, ანუ მოვჰკლავ, დაიმალვის მეტის-მეტად”.

ავთანდილ იტყვის: “ეზომნი ჭირნიმცა რად ვაცუდენი?

რაცაღა არის, არა არს, თუმცა არ ედგნეს ბუდენი;

სადაცა მივა, მივიდეს, რაზომმც მოვლოდეს ზღუდენი,

მუნითგან ვძებნნე ღონენი ჩემნი არ-დასამრუდენი”.

წინა-უკანა იარნეს ორნი დღენი და ღამენი,

დღისით და ღამით მაშვრალნი, არ შეჭამადთა მჭამენი.

არსადა ხანი არ დაყვეს, ერთნი თვალისა წამენი.

მათ თვალთა ცრემლნი სდიოდეს, მინდორთა მოსალამენი.

დღისით ვლეს და საღამო-ჟამ გამოუჩნდეს დიდნი კლდენი,

კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს, ძირსა წყალი ჩანადენი,

წყლისა პირსა, არ ითქმოდა, შამბი იყო თუ რასდენი,

ხე დიდრონი, თვალ-უწდომი, მაღლა კლდემდის ანაყრდენი.

მან ყმამან ქვაბსა მიჰმართა, გავლნა წყალნი კლდენია;

ავთანდილ ცხენსა გარდახდა, მონახნა დიდნი ხენია,

მას ზედა ჭვრეტად გავიდა, ძირსა დააბა ცხენია,

მუნით უჭვრეტდა. იგი ყმა მივა ცრემლ-მინადენია.

რა ტყენი გავლნა მან ყმამან, მოსილმან ვეფხის ტყავითა,

ქვაბისა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა,

ატირდა მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა,

იგი ყმა ცხენსა გარდახდა, ყელსა მოეჭდო მკლავითა.

ყმამან უთხრა: “დაო ასმათ, ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს:

ვეღარ მივჰხვდით ჟამიერად, ჩვენ ვისიცა ცეცხლნი გვწვიდეს”.

ესე თქვა და მკერდსა ხელნი იკრნა, ცრემლნი გარდმოსწვიმდეს.

ქალი შებნდა, მოეხვია, ერთმანერთსა სისხლი სწმიდეს.

იგი ტევრი გაეხშირა დანაგლეჯსა მათსა თმასა,

ერთმანერთსა ეხვეოდეს, ყმა ქალსა და ქალი ყმასა;

იზახდიან, მოთქმიდიან, მოსცემდიან კლდენი ხმასა.

ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით მათსა ეგრე ქცევა-ზმასა.

სული დაიღო მან ქალმან, დათმო გულისა წყლულობა,

ქვაბს შეიყვანა ტაიჭი, მოჰხადა აკაზმულობა,

მას ყმასა შეჰხსნა, შეიღო აბჯრისა წელ-მორტყმულობა;

შინა შევიდეს, მას დღესა გარდახდა გამოსრულობა.

ავთანდილს უკვირს: “ამბავი ისი თუ ვცნაო მე რითა?!”

გათენდა, ქალი გამოდგა, მოსილი მითვე ფერითა,

შავსა აუდვა ლაგამი, სწმენდდა რიდისა წვერითა,

შეკაზმა, მოაქვს აბჯარი წყნარად, არ რამე ჩხერითა.

მის მოყმისა წესი იყო, მეტსა თურე არ ასრე ჯდა.

ქალი ტირს და მკერდსა იცემს, თმისა ტევრსა გაიგლეჯდა;

ერთმანერთსა მოეხვივნეს, აკოცა და ცხენსა შეჯდა;

ასმათ, აგრე დაღრეჯილი, კვლა უფრორე დაიღრეჯდა.

ავთანდილ ახლოს კვლა ნახა სახე მისივე კაცისა,

ულვაშ-აშლილი, წვერ-გამო, “ნუთუ მზეაო, - თქვა, - ცისა?”

ეყნოსა სული ალვისა, ქართაგან მონატაცისა;

ასრე უჩნს მოკლვა ლომისა, მართ ვითა ლომსა ვაცისა.

მასვე გზასა წამოვიდა, რომე გუშინ შეეარა,

შამბი გავლო, გაეშორა, თავი მინდორს გააგარა;

ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით, მალვით ხესა მოეფარა,

თქვა, თუ: “ღმერთმან ესე საქმე მეტად კარგად მომიგვარა.

“აწ ამას ჩემთვის ღმრთისაგან სხვა საქმე რა ვამჯობინო?

ქალი შევიპყრა, მის ყმისა ამბავი ვაამბობინო,

ჩემიცა ვუთხრა ყველაი, მართალი გავაბრჭობინო,

მას ყმასა ხრმალი არა ვჰკრა, არც მისი დავისობინო”.

ამბავი ავთანდილისა, ასმათს რომ ეუბნების ქვაბშიგან

ჩამოვიდა, ცხენი ახსნა, მისგან ხესა გამობმული,

ზედა შეჯდა, გაემართა, ქვაბი დახვდა კარ-განხმული.

მუნით ქალი გამოიჭრა გულ-მდუღარე, ცრემლ-დასხმული,

ეგონა, თუ: დაბრუნდაო პირი ვარდი, ბროლ-ბაკმული.

ვერ იცნა, - სახე არ ჰგვანდა მისი მის ყმისა სახესა, -

ფიცხლა გაიქცა, მიჰმართა ზახილით კლდესა და ხესა;

ყმა გარდაიჭრა, დააბა, ვითა კაკაბი მახესა;

ხმას სცემდეს კლდენი ქალისა ზახილსა მუნ ერთ-სახესა.

მას ყმასა თავი არ მისცა, ჭვრეტადცა ებილწებოდა,

ვითა კაკაბი არწივსა ქვეშე მი და მო ძრწებოდა,

ტარიელს ვისმე უზახდა მწედ, თუცა არ ემწებოდა,

ავთანდილ მუხლთა უყრიდა, თითითა ეხვეწებოდა.

ეტყოდა: “სულე! რამც გიყავ? კაცი ვარ, ადამიანი,

უფერო-ქმნილნი მინახვან ვარდნი და ისი იანი,

მისი რამ მითხარ, ვინ არის ტან-სარო, პირ-ბაკმიანი?

სხვად არას გიზამ, ნუ გეშის, ნუ ჰყივი აგრე ხმიანი”.

ქალი ეტყოდა ტირილით, სარჩელი უგავს ბრჭობასა:

“თუ არ შმაგი ხარ, დამეხსენ; შმაგი ხარ, მოდი ცნობასა!

აწ მეტად ძნელსა საქმესა მნუკევ ადვილად თხრობასა;

ცუდად ნუ სცთები, ნუ ელი მაგა ამბისა მბობასა”.

კვლა ეტყვის: “ყმაო, რა გინდა, ანუ მენუკვი მე რასა?

მაგა საქმისა ვერა იქმს ვერცა კალამი წერასა.

შენ ერთხელ მეტყვი, «მითხარო», მე ასჯერ გეტყვი «ვერასა»,

ვითა სიცილი ტირილსა, ვაგლახი მიჯობს მღერასა”.

“ქალო, არ იცი სით მოვალ, რა ჭირნი მომითმენიან;

ოდითგან ვეძებ ამბავთა, ესე არვისგან მსმენიან;

შენ მიპოვნიხარ, - სიტყვანი ჩემნი რაზომცა გწყენიან, -

ვერ დაგეხსნები, მიამბე, ჩემგან ნუღარა გრცხვენიან!”

ქალმან უთხრა: “რას შეგესწარ, მე ვინ ვარ და ანუ შენო?

მზე არ მახლავს, შეგეტყვების, თრთვილო, ასრე მით მაწყენო!

გრძელი სიტყვა საწყინოა, ასრე მოკლედ მოგახსენო:

ვერასათვის ვერ გიამბობ, რაცა გინდა, იგი ქმენო!”

კვლაცა ჰკითხა ზენარობით, მიუყარნა მუხლნი წინა,

მაგრა ვერა ვერ დაჰყარა, მუდარობა მოეწყინა,

პირსა ზედა გაგულისდა, თვალთა სისხლი მოედინა,

ადგა, თმითა წამოზიდნა, ყელსა დანა დააბრჯინა.

ეგრე უთხრა: “მე ეზომი ჯავრი ვითა შეგარჩინო?!

რაგვარა თუ ამატირო, ცრემლი ცუდად დამადინო?!

გიჯობს, მითხრა; ამის მეტი მართ აღარა არ გაწყინო,

თვარა, ღმერთმან მტერი ჩემი მოკლას, ვითა მოგაკვდინო!”

ქალმან უთხრა: “ეგე ღონე მოიგონე მატად ავი:

თუ არ მომკლავ, არ მოვკვდები, მრთელი ვარ და მოუკლავი.

რად რა გითხრა, სადამდისცა ვიყო ჭირთა უნახავი?

კვლა თუ მომკლავ, სასაუბროდ აღარ მედგას ზედან თავი”.

კვლა ეტყვის: “ყმაო, რად მპოვე, ვინ მეუბნები მე, ვინო?

ეგე ამბავი ცოცხალსა ენითა ვერ მათქმევინო!

მე თავი ჩემი ნებითა ჩემითა მოგაკლვევინო,

ვითა უსტარი ბედითი ადვილად დაგახევინო.

“ჩემი სიკვდილი შენ ჩემად, პატიჟად ნურად გგონია,

მით რომე დამხსნი ტირილსა, შემშრების ცრემლთა ფონია;