Добавить в цитаты Настройки чтения

Страница 6 из 54

ყმა ადგა და წამოვიდა, მას დღე მათი ჩანს გაყრილი;

როსტან მისთვის აატირა გონიერი გული, ლბილი.

გამოემართა ავთანდილ, მოყმე მხნე, ლაღად მავალი.

ოც დღე იარა, ღამეცა დღეზედა წაჰრთო მრავალი.

იგია ლხინი სოფლისა, იგია ნივთი და ვალი,

არ მისცილდება თინათინ მისი მას, ვისგან სწვავ ალი.

რა მოვიდა, სიხარული შიგან გახდა სამეფოსა.

მოეგებნეს დიდებულნი, ძღვენსა სძღვნიდეს იეფოსა.

იგი პირ-მზე არ მოსცთების სიარულსა სასწრაფოსა.

მიჰხვდეს მყოფნი მას წინაშე სიხარულსა სადაფოსა.

ქალაქი ჰქონდა მაგარი საზაროდ სანაპიროსა,

გარე კლდე იყო, გიამბობ ზღუდესა უქვიტკიროსა.

ყმამან მუნ დაყო სამი დღე ამოსა სანადიროსა,

გაზრდილი მისი შერმადინ დაისვა სავაზიროსა.

ესეა მონა შერმადინ, ზემოთცა სახელ-დებული,

თანა-შეზრდილი, ერთგული და მისთვის თავ-დადებული.

მან არ იცოდა აქამდის მის ყმისა ცეცხლი დებული,

აწ გაუცხადა სიტყვები მის მზისა იმედებული.

უბრძანა: “აჰა, შერმადინ, ამად მე შენგან მრცხვენიან,

ჩემნი საქმენი ყოველნი გცოდნიან გაგივლენიან,

მაგრა არ იცი, აქამდის რანიცა ცრემლნი მდენიან!

მე ვისგან მქონდეს პატიჟნი, აწ მასვე მოულხენიან.

“მოუკლავარ თინათინის სურვილსა და სიყვარულსა,

ცრემლი ცხელი ასოვლებდის ნარგისთაგან ვარდსა ზრულსა,

ვერ ვაჩენდი აქანამდის ჭირსა ჩემგან დაფარულსა,

აწ მიბრძანა საიმედო, ამად მხედავ მხიარულსა.

“მიბრძანა: «მიცან ამბავი მის ყმისა დაკარგულისა,

მოხვიდე, სრულ-ვქმნა მაშინღა შენი წადილი გულისა,

ქმარი არ მინდა უშენოდ, მომხვდეს ხისაცა რგულისა!»

მომცა წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა.

“პირველ, ყმა ვარ, წასლვა მინდა პატრონისა სამსახურად, -

ხამს მეფეთა ერთგულობა, ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად, -

მერმე, ცეცხლი დაუვსია, აღარა მწვავს გულსა მურად.

ხამს, თუ კაცი არ შეუდრკეს ჭირს, მიუხდეს მამაცურად.

“ვართ უმოყვრესნი მე და შენ ყოველთა პატრონ-ყმათასა,

ამისთვის გნუკევ სმენასა შენ ამა ჩემთა ხმათასა:

ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად, თავადად ჩემთა სპათასა,

ამა საქმესა ვერა ვიქმ მე განდობასა სხვათასა.

“ლაშქართა და დიდებულთა ალაშქრებდი, ჰპატრონობდი;

დარბაზს კაცსა გაჰგზავნიდი და ამბავსა მათსა სცნობდი,

წიგნსა სწერდი ჩემ მაგიერ, უფასოსა ძღვენსა სძღვნობდი,

აქა სადმე არ-ყოფასა ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი!

“ლაშქრობა და ნადირობა შენი ჩემსა დაასახე,

აქათ სამ წელ მომიცადე, ხვაშიადი შემინახე,

მე ნუთუმცა შემოვბრუნდი, ალვა ჩემი არ დაჭნა ხე,

არ მოვბრუნდე, მომიგლოვე, მიტირე და მივაგლახე.

“მაშინღა ჰკადრე მეფესა არ საქმე სასურვალია,

აცნობე ჩემი სიკვდილი, - იყავ მართ ვითა მთრვალია, -

მიჰხვდა-თქო საქმე, რომელი ყოვლთათვის გარდუვალია.

გლახაკთა მიეც საჭურჭლე, ოქრო, ვერცხლი და რვალია.

“მაშინ უფრო მომეხმარე, ამისგანცა უფრო მხნედ-რე,

ნუთუ ადრე დამივიწყო? მახსენებდე ზედა-ზედ-რე!

მეტად კარგად დამიურვე, სული ჩემი შეივედრე,

ზრდანი ჩემნი მოიგონენ, გული შენი მოიმდედრე”.

რა მონამან მოისმინა, გაუკვირდა, შეეზარა,

თვალთათ ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი გარდმოყარა,

მოახსენა: “უშენომან გულმან რამცა გაიხარა!

ვიცი, რომე არ დასდგები, მაგას გიშლი ამად არა.

«ჩემად ნაცვლად დაგაგდებო», - ესე სიტყვა ვით მიბრძანე?

რაგვარა ვქმნა პატრონობა? რამც გიფერე, რამც გიგვანე?

შენ მარტოსა გიგონებდე, მემცა მიწა ვიაკვანე!

სჯობს ორნივე გავიპარნეთ, წამოგყვები, წამიტანე!”

ყმამან უთხრა: “მომისმინე, მართლად გითხრობ, არა ჭრელად:

რა მიჯნური ველთა რბოდეს, მარტო უნდა გასაჭრელად.

მარგალიტი არვის მიჰხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად,

კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად.

“ვისმცა ვუთხარ ხვაშიადი? შენგან კიდე არვინ ვარგა,

უშენოსა პატრონობა ვის მივანდო, ვინ იქმს კარგა?

სანაპირო გაამაგრე, მტერმან ახლოს ვერ იბარგა,

კვლა ნუთუმცა შემოვიქეც, ღმერთმან სრულად არ დამკარგა.

“ფათერაკი სწორად მოჰკლავს, ერთი იყოს, თუნდა ასი;

მარტოობა ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი;

აქათ სამ წელ არ მოვიდე, მაშინ გმართებს გლოვა, ფლასი;

წიგნსა მოგცემ, გმორჩილობდენ, ვინცა იყოს ჩემი ხასი”.

წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა

დაწერა, თუ: “ჩემნო ყმანო, გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო,

ერთგულნო და მისანდონო, ამას ზედა გამოცდილნო,

თქვენ ჩემისა საწადლისა მიდგომილნო, ვითა ჩრდილნო,

წიგნი ჩემი მოისმინეთ, ყოვლნო ერთგან შემოყრილნო!

“მიწაცა თქვენი ავთანდილ, ისმინეთ, გიწერ მე რასა:

თვით ვიქმ ხელითა ჩემითა ამა წიგნისა წერასა,

ცოტასა ხანსა ვარჩივე გაჭრა სმასა და მღერასა,

პურად და საჭმლად მივენდევ ჩემსა მშვილდსა და ცერასა.

“საქმე რამე მიც თავისა ზე სადმე გარდსახვეწელი,

დავყო მარტოდ და ღარიბად ესე წლეული მე წელი,

გემუდარები ამისთვის, ვარ თქვენი შემომხვეწელი,

მე დამახვედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი.

მე შერმადინ დამიგდია, ჩემად კერძად პატრონობდეს,

სიკვდილსა და სიცოცხლესა სადამდისცა ჩემსა სცნობდეს,

ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს, ვარდს არ ზრვიდეს, არ აჭნობდეს,

შემცოდესა ყველაკასა ვითა ცვილსა დაადნობდეს.

თქვენცა იცით, გამიზრდია, ვითა ძმა და ვითა შვილი.

ამას ასრე ჰმორჩილობდით, არს ვითამცა ავთანდილი,

ბუკსა იკრას, აქმნევინეთ ყოვლი საქმე, ჩემგან ქმნილი;

მე თუ დრომდის არ მოვიდე, გლოვა გმართებს, არ სიცილი”.

ესე წიგნი გაასრულა წყლიანმან და სიტყვა-ნაზმა,

წელთა ოქრო შემოირტყა, საღარიბოდ მოეკაზმა,

ბრძანა: “მინდორს შევჯდებიო”, ლაშქარიცა დაერაზმა;

მასვე წამსა წამოვიდა, შინა ხანი არა დაზმა.

ბრძანა: “წადით ყველაკაი, აქა მომხრედ არვინ მინა”.

მონებიცა მოიშორვა, თავი გაითავისწინა,

მარტო გარე შემობრუნდა, შამბი შიგან გაირბინა,

მიწყივ მისად საგონებლად მისი მკლველი თინათინ ა.

იგი ველი გაირბინა, ლაშქართაგან გაეკიდა.

ვინმცა ნახა სულიერმან, ანუ ვინმცა გაეკიდა?

ვის მახვილი ვერას ავნებს, მისი მკლავი გაეკიდა,

მისგან ტვირთი კაეშნისა ტვირთად ვარგად გაეკიდა.

რა ლაშქართა ინადირეს და პატრონი მოითვალეს,

იგი პირ-მზე ვეღარ პოვეს, პირი მათი იფერმკრთალეს,

მათსა დიდსა სიხარულსა სამძიმარი ანაცვალეს,

ყოვლგან რბოდეს საძებარად, ვინცა იყო უცხენმალეს.

“ღმერთი, ლომო, შენად ნაცვლად სხვასა ვისცა დანერგვიდეს!”

დარბოდეს და სხვაგნით სხვათა მოამბეთა მოასხმიდეს;

ვეღარა ცნეს მისი საქმე, გაიარა აქათ კიდეს,

მისნი სპანი გულ-მოკლულნი ცრემლსა ცხელსა გარდმოჰყრიდეს.

შერმადინ ერთგან შეყარნა ხასნი და დიდებულები,

უჩვენა იგი უსტარი, ამბავი მისი თქმულები.

რა მოისმინეს, ყველაი დარჩა გულ-დანაწყლულები,

თავსა იცემდეს, არ იყო გული უცრემლო, ულები.

ყოვლთა ჰკადრეს: “თუცა ყოფა ჩვენ უმისოდ გვეარმისცა,

უშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა?

განაღამცა გმორჩილობდით, თუ გვიბრძანო რაცა ვისცა!”

იგი მონა აპატრონეს, ყველაკამან თაყვანის-სცა.

ავთანდილისაგან მის ყმისა ძებნად წასლვა

ამ საქმესა მემოწმების დიონოსი ბრძენი, ეზროს:

საბრალოა, ოდეს ვარდი დაეთრთვილოს, და-ცა-ეზროს.

ვის ბადახში არა ჰგვანდეს და ლერწამი ტანად ეზროს,

იგი სადმე გაღარიბდეს, სამყოფთაგან იაბეზროს.

ავთანდილ იგი მინდორი ოთხ-ახმით გარდაიარა,

დააგდო მზღვარი არაბთა, სხვათ მზღვართა არე იარა,