Страница 49 из 54
ასმათს უც ხორცი ირმისა, იქმს მასპინძლობა-კვეთასა.
ამხანაგობდეს, ლაღობდეს, წასლვასა მათ საქმეთასა,
ღმერთსა ჰმადლობდეს შეცვლასა ლხინად ჭირისა დღეთასა.
მოიარეს ქვაბოვანი, თამაშობდეს მხიარულნი,
პოვნეს იგი საჭურჭლენი, ტარიასგან დაბეჭდულნი,
ვერცა ვისგან დანათვალნი, ვერცა ვისგან შეგებულნი;
არ იტყვიან, არა გვაქვსო, იგ ამისთვის გულ-ნაკლულნი.
უბოძა ტურფა მრავალი მათ მათი შესადარები,
კვლა ფრიდონისნი აავსნა, სპა ჰყვა თუ სპასალარები.
აივსო კაცი ყველაი, მაშინ მათთანა ნარები,
მაგრა ძეს რომე საჭურჭლე, ჰგვანდა კაც-დაუკარები.
ფრიდონს უთხრა: “ვალი თქვენი ჩემგან ძნელად გარდიხდების,
მაგრა თქმულა: «კარგის მქმნელი კაცი ბოლოდ არ წახდების»;
აწ საჭურჭლე რაზომიცა აქა ძეს და ან იდების,
შენი იყოს ყველაკაი, შენ წაიღე, ვითა გხვდების”.
ფრიდონ მდაბლად თაყვანი-სცა, ჰკადრა მადლი მეტის-მეტი:
“მე, მეფეო, რად გგონივარ უჭკუო და აგრე რეტი?
მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს, ვინმცა იყო ვითა კეტი,
ჩემი ლხინი მუნამდის ა, ვირე ვიყო შენი მჭვრეტი!”
ფრიდონ კაცნი დააბრუნნა მოსასხმელად აქლემისად,
სახლსა მისსა მისაღებლად მის ყველასა საჭურჭლისად;
აწ მუნითგან გაემართნეს არაბეთით წავლად გზისად,
ავთანდილ ა გალეული შესაყრელად მთვარე მზისად.
მიჰხვდეს არაბთა საზღვართა, რა ვლეს მრავალი ხანები.
დაჰხვდა სოფლები, ციხები, ხშირ-ხშირად, თანის-თანები,
მუნ შიგან მყოფსა ემოსა ტანსა ლურჯი და მწვანები,
ავთანდილისთვის ყველაი ცრემლითა არს ნაბანები.
ტარიელ კაცი გაგზავნა წინაშე როსტან მეფესა,
შესთვალა: “გკადრებ, მეფეო, სურვილთა სიიეფესა;
მე მოვალ, მეფე ინდოთა, დარბაზსა თქვენსა სეფესა,
გიჩვენებ ვარდსა კოკობსა, უფრჭვნელსა, მოუკრეფესა.
“მაშინ თქვენ ჩემი გეწყინა ნახვა მიწისა შენისა,
ცდა შეპყრობისა ავი ჰქმენ, შემოტევება ცხენისა;
მე შენთა სპათა ვაჩვენე ნიშანი რამე წყენისა,
დავხოცე მონა მრავალი, მსახური სრისა თქვენისა.
“აწ ამად მოვალ წინაშე, დავყარენ ჩემნი გზანია,
შემინდოთ, რაცა შეგცოდე, ჰქმნნეთ გაწყრომისა კმანია.
ძღვენი არა მაქვს, მმოწმობენ ფრიდონ და მისნი ყმანია,
ოდენ ძღვნად თქვენი ავთანდილ მე თქვენთვის მომიტანია”.
რა მიუვიდა მეფესა მახარობელი ჟამისა,
ვით გაეხარნეს, ვერ იტყვის ენა ერთისა წამისა;
თინათინს ღაწვთა ემატა ელვა შუქისა სამისა,
ბროლსა და ლალსა აშვენებს მუნ ჩრდილი წარბ-წამწამისა.
ტაბლაკსა ჰკრეს და გაისმა ხმა მაშინ თქართქარებისა.
ლაშქარნი რბოდეს მი და მო, ქმნა სწადდა მათკე რებისა.
დაიწყეს მოსხმა ცხენისა, მოღება უნაგრებისა,
შესხდა სიმრავლე მოყმისა მკლავ-ფიცხელ, გულ-მაგრებისა.
მეფე შეჯდა, გაეგებნეს თავადნი და სრულად სპანი.
ვისცა ესმის, მოვიდიან მას წინაშე სხვაგნით სხვანი.
ყველაკაი ღმერთსა ჰმადლობს, გაამაღლეს მათნი ხმანი,
თქვეს: “ბოროტსა უმყოფოო, კეთილნია შენთვის მზანი!”
რა ერთმანერთი აუჩნდა მიგებულ-მოსაგებავთა,
ავთანდილ ეტყვის ტარიელს სიტყვათა დანაზებავთა:
“აგერა ჰხედავთ მინდორთა, მტვერითა შენაღებავთა?
ამისთვის ვიწვი, სახმილი გულსა ეცხელა, ებავთა.
“ისია ჩემი გამზრდელი და თქვენდა მოგებებულა.
იქი ვერ მივალ, მრცხვენიან, გულსა სახმილი დებულა,
ჩემად არაკად სულ-დგმული კაცი არ გაწბილებულა,
რასაცა მიზამთ, თქვენ იცით, ფრიდონ თქვენდავე ხლებულა”.
ტარიელ უთხრა: “კარგსა იქმ შენ პატრონისა კრძალვასა.
აწ დადეგ, იქი ნუ მიხვალ, იქმცა უჩემოდ ხალვასა.
მე მივალ, ვუთხრობ მეფესა შენგან თავისა მალვასა,
ვეჭვ, ღმრთითა ადრე შეგყარო მზესა მას, ტანად ალვასა”.
მუნ დადგა ლომი ავთანდილ, დაიდგა მცირე კარავი.
ნესტან-დარეჯან მუნვე დგას, იგია მჭვრეტთა მზარავი,
მისთა წამწამთა ნიავი ქრის, ვითა ქარი არავი,
წავიდა მეფე ინდოთა მისრული, მიუპარავი.
ფრიდონ წაჰყვა. განაღამცა გავლეს ველი დიდსა ხანსა,
ცნა მეფემან, ტარიელი მარტო მოვა, მოჰხრის ტანსა;
გარდახდა და თაყვანის-სცა მას უკადრსა, ლომებრ ჯანსა,
სდებს პატივსა ინდოთ მეფეს, მართ მამისა შესაგვანსა.
ტარიელცა თაყვანის-სცა, მივა კოცნად, სასალამოდ;
მეფე ყელსა აკოცებდა მართ ბაგისა დასაამოდ,
გაკვირვებით ეუბნების, არის მისგან სათამამოდ:
“შენ მზე ხარო, შენი გაყრა არის დღისა შესაღამოდ”.
გაეკვირვა მეფე მისსა თვალადობა-სიტურფესა,
პირსა უჭვრეტს გაკვირვებით, უქებს მკლავთა სიალფესა;
კვლა ფრიდონცა უსალამა, თაყვანის-სცა მან მეფესა,
მას მეფესა, ავთანდილის ნახვისათვის მოსწრაფესა.
მეფე ტარიას ქებასა დაჰკრთების, დაეღონების.
ტარიელ ეტყვის: “მეფეო, აწ გული შენ გემონების;
მიკვირს, თუ ეგრე სიკეთე თქვენ ჩემი რად გეგონების!
რათგან ავთანდილ შენია, სხვა რად ვინ მოგეწონების?
“ნუ გიკვირს მისი ვერ-ნახვა და დაყოვნება ხანისა!
მოდი და დავსხდეთ, მეფეო, ამოა კორდი მწვანისა,
გკადრო მიზეზი მისისა თქვენს წინა ვერ-მოტანისა,
ვიაჯ რასამე, აწ მმართებს მოთხოვა მე ფარმანისა”.
დასხდეს მეფენი, მოადგა გარე სიმრავლე რაზმისა.
ტარიელს პირსა ციმციმი ათქს, უნათლესი ბაზმისა;
ჭვრეტა ახელებს მჭვრეტელთა ყოფა-ქცევისა და ზმისა;
დაუწყო თხრობა მეფესა სიტყვისა, ბრძნად ნაკაზმისა:
“მეფეო, თავი მემცრობის მე მისად მოსახსენებლად,
მაგრა მოსრული თქვენს წინა ვარ შემომხვეწლად, მქენებლად;
თვით იგი იაჯს, რომელი ჩანს მზეებრ შუქთა მფენებლად,
ვინ არის ჩემად სინათლედ და ჩემად გამათენებლად.
“აწ ამას გკადრებთ ორნივე ხვეწნით და შემუდარებით:
ავთანდილ დამდვა წამალი მისგან თავისა დადებით,
დაჰვიწყდეს, რომე პატიჟნი სჭირდეს ჩვენთავე დარებით;
არ გაწყენ, გრძელი ამბავი არს ჩემგან მიუმხვდარებით.
“თქვენთა უყვარს ერთმანერთი, ქალი მას და იგი ქალსა,
მით ვიგონებ საბრალოსა, მტირალსა და ფერ-ნამკრთალსა;
მუხლ-მოყრილი გეაჯები, ნუღარ აწვევ იმათ ალსა,
რომე მისცე ქალი თქვენი მკლავ-მაგარსა, გულ-ფიქალსა.
“ამის მეტსა არას გკადრებ, არ მოკლესა, არცა გრძელსა”.
ამოიღო ხელ-მანდილი, მოინასკვა ზედან ყელსა,
ადგა, მუხლნი მიუყარნა, ეაჯების ვითა მზრდელსა.
გაუკვირდა ყოვლსა კაცსა, მის ამბისა მომსმენელსა.
რა ტარიელ მუხლ-მოყრილი ნახა, მეფე შეუზარდა,
შორს უკუდგა, თაყვანის-სცა, ქვე მიწამდის დაუვარდა,
მოახსენა: “ხელმწიფეო, ლხინი ყოვლი უკუმქარდა,
თქვენმან აგრე სიმდაბლემან ნახვა თქვენი ჩამადარდა.
“ვით ეგების, რაცა გწადდეს, რომე კაცი არ მოგთმინდეს,
ანუ მშურდეს ქალი ჩემი, საკლავად და ტყვედცა გინდეს;
გებრძანამცა სახლით თქვენით, ცრემლი არცა მაშინ მდინდეს;
სხვა მისებრი ვერა პოვოს, ცათამდისცა აღ-ცა-ფრინდეს!
“მე სიძესა ავთანდილის უკეთესსა ვჰპოვებ ვერა;
თვით მეფობა ქალსა ჩემსა მივეც, აქვს და მას ეფერა;
ვარდი ახლად იფურჩნების, მე ყვავილი დამებერა,
რადმცა ვჰკადრე შეცილება, რასაც ოდენ იგი სჯერა!
“თუ შეგერთო ერთი მონა, თქვენთვის არცა მაშინ მშურდა.
ვინმცა გკადრა შეცილება, უშმაგომცა ვით მოგმდურდა!
თუ ავთანდილ არ მიყვარდა, ასრე მისთვის რად მომსურდა?
დია, ღმერთო, წინაშე ვარ, ესე ჩემგან დადასტურდა”.
რა ტარიელ მეფისაგან ესე სიტყვა მოისმინა,
დადრკა, მდაბლად ეთაყვანა, პირსა ზედან დაეფინა.
კვლა მეფემან თაყვანის-სცა, წამო-რე-ვლო, წადგა წინა,
ერთმანერთი მოიმადლეს, მათ ერთსაცა არ ეწყინა.
ფრიდონ შეჯდა, ავთანდილის მახარობლად გაექანა, -
ესდენ დიდი სიხარული გაეხარნეს მასცა განა! -